ირაკლი ქარსელაძე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
29 სექტემბერი 2022
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების განხორციელების წარმატებულ პროცესსაც.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ტემპი უპრეცენდენტოდ მაღალია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის პოტენციალის გაზრდისა და გამოყენებისათვის.
ევროკავშირის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა როგორც მიმდინარე პროექტებს, ისე ქვეყნის სამომავლო განვითარების ხედვას. მან, ასევე აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების განხორციელების პროგრესი, რაც მათი გაფართოვების საფუძველს ქმნის.
პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა იმ ახალ შესაძლებლობებზეც, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე მომავალი წლიდან დაგეგმილი ახალი პროექტები შექმნის.
ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.